ხალხური შემოქმედება

 

    ხალხური შემოქმედება არის ფოლკლორი, ხალხის შემოქმედებითი მოღვაწეობა; ხალხის მიერ შექმნილი და მის ყოფაში გავრცელებული ზეპირსიტყვიერება, მუსიკა, თეატრი, ცეკვა, არქიტექტურა, სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.

    ხალხური ზეპირსიტყვიერება ჩამოყალიბდა უძველეს ხანაში და იმ საზოგადოების წეს-ჩვეულებისა და რელიგიურ-მითოლოგიურ შეხედულებებს ასახავდა. საზოგადოების სოციალური დიფერენციაციის პროცესში ჩამოყალიბდა ხალხური ზეპირსიტყვიერების სხვადასხვა ჟანრი, რომლებიც შემდგომში საფუძვლად დაედო წერილობით ძეგლებს.

    ხალხური ზეპირსიტყვიერება თავიდანვე განუყოფელი იყო ხალხური შემოქმედების სხვა დარგებისგან, კერძოდ, მუსიკისა და ცეკვა-სიმღერისაგან. ამ დროს ხალხური ნაწარმოების შესრულება, როგორც წესი, გუნდურად ხდებოდა. პიროვნების თვითშეგნების ზრდასთან ერთად თანდათან მეტი მნიშვნელონა ენიჭებოდა სიტყვას, რაც განაპირობებდა ზეპირსიტყვიერი ჟანრების დამოუკიდებლად არსებობას. ამასთან, წმინდა პოეტური ჟანრები  (ლირიკული ლექსები, ბალადები) ბოლომდე ინარჩუნებენ სიმღერით შესრულების ტრადიციას.

  თავისი ფორმითა და გამომხატველობითი საშუალებებით ხალხური ზეპირსიტყვიერება ახლოს დგას წერილობით მხატვრულ ლიტერატურასთან, მაგრამ არის პრინციპული სხვაობაც. ლიტერატურისაგან განსხვავებით, ზეპირსიტყვოერება კოლექტიური შემოქმედებაა, სადაც ავტორის როლი შეზღუდულია. სწორეს კოლექტიურობა, როგორც ზეპირსიტყვიერების არსებითი სპეციფიკური ნიშანი, განაპირობებს ხალხური ზეპირსიტყვიერების სხვა ისეთ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, როგორიცაა ანონიმურობა, ვარიანტულობა და .. ხალხური ზეპირსიტყვიერების კოლექტიურობა არ გამორიცხავს ცალკეული ნიჭიერი შემსრულებლის წვლილს მის შექმნასა და განვითარებაში. ამდენად, იგი წარმოადგენს კოლექტიური და ინდივიდუალურ შემოქმედების დიალექტურ ერთიანობას. სხვადასხვა ხალხის ზეპირსიტყვიერება ღრმად ეროვნულია. მასში რელიეფურად არის ასახული ამ ხალხის ეროვნული იდეალები, ზნე-ჩვეულებანი, ყოფა-ცხოვრების წესები. ამასთან ერთად სხვადასხვა ხალხის ზეპირსიტყვიერება ბევრს საერთოს შეიცავს. მაგ: ქართული ხალხური ზღაპრების მოტივს, მხატვრულ სახეს და ზოგჯერ სიუჟეტებსაც კი მოეპოვებათ პარალელები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ზღაპრებში, რაც შეიძლება აიხსნას, ან საერთო წყაროდან მომდინარეობით, ან ისტორიულ-კულტურული ურთიერთობებით, ან მსგავსი საზოგადოებრივ-ეკონომიკური პირობებით.

   ხალხური მხატვრული ზეპირსიტყვიერება ნაწილობრივად მრავალფეროვანია: ჯერ კიდევ წერილობითი ლიტერატურის აღმოცენებამდე მასში ჩამოყალიბდა თითქმის ყველა ჟანრი ეპიკური, ლირიკული და დრამატული. ამ ვითარებას კარგად გამოხატავს, მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება. ძირითადად იგი შემდეგი ჟანრობროვი სისტემის სახით წარმოგვიდგება:

  ეპოსი თქმულება (ისტორიული, ტოპონიმიკური, საგმირო), მითი (კოსმოგონიური, ეტიოლოგიური, თეოლოგიური), გადმოცემა (კოსმოგონიური, ტოპონომიკური, ისტორიული, საგმირო, დემონოლოგიური), ლეგენდა (სარწმუნოებრივი, დემონოლოგიური), ზღაპარი (ცხოველთა შესახებ, საგმირო, ფანტასტიკა, ჯადოსნური საყოფაცხოვრებო ნოველისტური), სიმღერა (მითოლოგიური, საგმირო, ისტორიული), ბალადა (მითოლოგიური, საგმირო, ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სამიჯნურო), რომანი (სამიჯნურო, საგმირო), შელოცვა (კოსმოგონიური, სამკურნალო, სამეურნეო), ანდერძი (საგვარეულო), სადიდებო (რელიგიური), იგავი (ცხოველთა შესახებ), ანეკდოტი (ეთნოლოგიური, ისტორიული, საყოფაცხოვრებო);

  ლირიკა შრომის ლექსი (ურმული, გუთნური, სამეურნეო, სამონადირეო და სხვა), კალენდარული (საახალწლო, სააღდგომო და სხვა), მაყრული, საქორწინო, სატრფიალო, სუფრული, სამგლოვიაო, ქება, ელეგია, გაბაასება, კაფია, გალექსება, შაირები, საგმირო, ანდაზა, აფორიზმი, სიტყვის მასალა, გამოცანა.

  დრამა მისტერია (წარმართული, ქრისტიანული), სანახაობანი (ფერხისა, ბერიკაობა, ყეენობა, ლაზარობა), კომედია (საყოფაცხოვრებო, სოციალური).

   ხალხური მხატვრული ზეპირსიტყვიერების ჟანრები გვხვდება, როგორც ლექსის სახით (ლირიკული პოეზია, ბალადები), ისე პროზად (ზღაპარი, ლეგენდა, თქმულება, ანდაზა და სხვა), ზოგჯერ კი ლექსნარევ პროზად (მაგ: ქართული "ამირანიანი", "ეთერიანი", "ტარიელიანი"). ზოგიერთი ჟანრი არც წმინდა პროზაა და არც წმინდა ლექსი (შელოცვა, ანდაზა, გამოცანა).

  ხალხური ზეპირსიტყვიერება თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე არა თანაბრად ვითარდებოდა. მასში შეიმჩნევა როგორც აღზევების, ისე შეზღუდვის და ერთგვარად დაკნინების ხანაც. მაგ: მთელი რიგი ზეპირსიტყვიერი ჟანრები XX საუკუნეში აღარ ვითარდებოდა.

   ხალხური ზეპირსიტყვიერება უდიდესი შემეცნებითი და მხატვრული ღირებულების შემცვლელია, მასში სრულად არის გამოხატული ხალხის იდეალები.

   ხალხური მუსიკა ისტორიამდელი წარსულიდან იღებს სათავეს. ვოკალური (ძირითადად სასიმღერო), საკრავიერი და ვოკალურ-საკრავიერი. ხალხური შემოქმედების ტრადიციები უაღრესი სიმყარით გამოირჩევა, თუმცა იგი როგორც წესი, წერილობითი ფორმით არ ფიქსირდებოდა და ძირითადად საშემსრულებლო მემკვიდრეობით გადმოიცემოდა.

   ხალხურ მუსიკას, პროფესიულის მსგავსად, ჰყავს თავისი ავტორი, თუცა ანონიმური. თითოეულ შემსრულებელს თავისი ნიჭის, გემოვნებისა და საშემსრულებლო ოსტატობის შესაბამისად გარკვეული კორექტივი შეჰქონდა ამა თუ იმ მუსიკალურ ქმნილებებში და თავისდაუნებურად ხელს უწყობდა ვარიანტულობას. შესაბამისად, ხალხური ნაწარმოების თანაავტორებად გვევლინებოდნენ შემსრულებლები, კონკრეტული ავტორი კი უცნობი რჩებდოდა, რაც ხალხური მუსიკის მთავარი თვისებაა. ზემო აღნიშნულსავე საფუძველზე ხალხური მუსიკის მეორე არსებითი თვისებაა იმპოვიზაციულობა, რითაც იგი განსხვავდება პროფესიული მუსიკოსისაგან. ხალხური მუსიკალური შემოქმედების შექმნა-განვითრებაში დიდ როლს ასრულებდნენ სხვადასხვა ეროვნების .. "ხალხური პროფესიონალები": მესტვირე, აშუღი, ჟონგლიორი, შპილმანი, აკინი და სხვა. ხალხური მუსიკისათვის დამახასიათებელია ჟანრული მრავალფეროვნება; მას საფუძვლად უდევს ადამიანის მდიდარი შრომითი და ყოფითი მოღვაწეობა, რაც ხალხურ მუსიკას ოდითგანვე ახლავდა. სხვადასხვა ხალხის უაღრესად თავისთავადი, განსხვავებული მუსიკალური კულტურა მაინც ერთნაირად ავლენს ამ ზოგად ჟანრობრივ კანონზომიერებას. მაგ: მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური მუსიკა დიალექტებითაც გამოირჩევა (ხევსურული, თუშური, ფშავური, მოხევური, მთიულური, ქართული, კახური, მესხური, იმერული, გურული, მეგრული, რაჭული, ლეჩხუმური, სვანური, ჭანური), მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ჟანრს, რომელიც ზოგადკაცობრიული კუთვნილებისაა: შრომის, საყოფაცხოვრებო, საწესო, სარიტუალო, საქორწინო, ლაშქრული, მგზავრული, საისტორიო, საგმირო, სატრფიალო, სახუმარო და საფერხულო სიმღერებს.

   ხალხური მუსიკის განვითარებასთან ერთად ადრინდელი მარტივი სიმღერების და საკრავიერი ნიმუშების გვერდით ჩნდება უფრო ვრცელი და რთული ვოკალურ თუ საკრავიერო მუსიკის ფორმები. სხვადასხვა ჟანრობრივ წიაღში ყალიბდებოდა მრავალზმიანობისა და რიტმიკის განსხვავებული ტიპები. ეს პროცესიც თვალნათლივაა ასახული ქართულ ხალხურ მუსიკაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეტად ფართო დიაპაზონი. ერთის მხრივ, ვხვდებით უძველესი სასიმღერო შემოქმედებისა და საკრავიერი მუსიკის უმარტივეს ფორმებს (თუშ-ფშავ-ხევსურული ხალხური მუსიკა), რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ მსოფლიო ხალხურ მუსიკაში საოცრად მრავალფეროვანი და დახვეწილი საგუნდო მრავალხმიანობის ფორმებით ("ჩაკრულო", "სუფრული", "ცხენისნური", "მხედრული", "ვახტანგური", "'შვიდკაცა", "ალილო", "ლილე", "კვირია" და სხვა.).

   ხალხური მუსიკის შემოქმედების წიაღში შეიქმნა მრავალი საკრავი, რომელთაგან ზოგიერთი რომელიმე ერის მკაფიოდ გამოხატული კუთვნულებაა (მაგ: ქართული ჩონგური), ზოგიერთი კი საზიაროა რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისათვის.

   ხალხური მუსიკა პროფესიული მუსიკის საფუძველია, ასევე  ხალხური მუსიკალური საკრავებიდან იღებს სათავეს თითქმის ყველა პროფესიული მუსიკალური საკრავი.

   ხალხური თეატრი დაკავშირებულია ძველ წეს-ჩვეულებებთან, ხალხურ ზეპირსიტყვიერებასთან. განვითარების პროცესში ხალხურ თეატრში წამოიზარდნენ თეატრალური საქმის სპეციალისტები: საბერძნეთსა და რომში მიმები, დასავლეთ ევროპაში ჟონგლიორები, შპოლმანაბი; რუსეთში სკომოროხები, საქართველოში ბერიკები, უზბეკეთში მასხარბაზები. ისტორიულ ხანაში ხალხური თეატრი ინარჩუნებდა თავის წეს-სახიობაში ძველთაძველ ტრადიცვიულ ფორმებს და ავსებდა მას პატრიოტული და სოციალური მოტივებით. საქართველოში ხალხური თეატრის სახით ცნობილია: ბერიკაობა, ყეენობა, კოჭიაობა და სხვა. ხალხური თეატრი საფუძვლად დაედო პროფესიული თეატრის განვითარებას.

   ხალხური ცეკვა ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. ყველაზე ადრინდელურ მასობრივ ცეკვად მიჩნეულია მონადირული ცეკვები, რომლებიც ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამინების კოლექტიურ შრომასთან ნადირობასთან კავშირში შეიქმნა. ასეთება ქართული ლენჩილი (სვანეთი), სანადირო ამირანის ფერხული (სვანეთი). ნადირობითა და მესაქონლეობით დასაქმებული ტომები განსაკუთრებული პატივით ეკიდებოდნენ ცხოველთა სამყაროს, ადიდებდნენ და აღმერთებდნენ მათ. მათ წინამძღოლს პატრონს, რომლის სურვილზედაც, თითქოსდა დამოკიდებული იყო ნადირობის წარმატება, თავდაპირველად მას ცხოველების სახე ჰქონდა (ზოომორფიზმი), შემდგომ კი ადამიანისა (ანთროპომორფიზმი). ანთროპომორფიზმის ნიშნად უნდა ჩაითვალოს საქართველოში დღემდე შემორჩენილი ფერხულები. ნადირობის ქალღმერთის ოქროსთმიანი დალისადმი მიძღვნილი ცეკვა-სიმღერები: "დალი კოჯარს ხელვაჟარე" (დალი კლდეში მშობიარობს), "ბაიალ ბეთქილ", 'მეთხვარ მარე" და სხვები.

   ხალხი ცეკვაში ასახავდა ცხოველთა თვისებებს, ბაძავდა მათ და სახიერად გადმოსცემდა ცხოველთა და ფრინველთა დამახასიათებელ ქცევებს. ასე შეიქმნა ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ბიზონებს ცეკვა, ინდონეზიელთა ვეფხვის ცეკვა, იაკუტების დათვის ცეკვა, პამირელების არწივის ცეკვა, ჩინელებისა და ინდოელების ფარშავანგების ცეკვა, ფინელთა ხარის ცეკვა და სხვა.

   დროთა განმავლობაში ხალხური ცეკვები, საზოგადოების ეკონომიკური პირობების შეცვლასთან ერთად, სახეს იცვლიდნენ. იქმნებოდა ცეცხლთან დაკავშირებული საწესჩვეულებო ცეკვები. მაგ: შრი- ლანკელთაAცეცხლის ცეკვა, ქართული ლამპრობა, ანდა სლავური ფერხულები, დაკავშირებული არყის ხესთან, ყვავილების გვირგვინების წვნასთან, კოცონის გაჩაღებასთან და სხვა. იმის გამო, რომ ადამიანი ვერ ხსნიდა ბუნების ზოგიერთ მოვლენას და ქედს იხდიდა მათ წინაშე, ცეკვებში თანდათანობით ფეხს იკიდებდა მისტიკის ელემენტები, იქმნებოდა ასტრალური სხეულებისადმი მიძღვნილი ფერხულები. ასეთია ქართული "ლილე" (მზეს ფერხელი), "შუშპარი" (მთვარისადმი მიძღვნილი ცეკვა). რელიგიურ-მისტიკური ფერხულებიდან საქართველოში აღსანიშნავია - "ლაჟღვაში", "ადრეკილა" და სხვა.

   მიწათმოქმედების განვითარების შემდეგ შეიქმნა ლიტველების მთიბავთა ცეკვა, გუცულების ხეს მჭრელთა ცეკვა, მოლდაველების მევენახეთა, უზბეკების მებამბეთა ცეკვები და სხვა. ხალხურ ცეკვებში ხშირად გამოიკვეთება მებრძოლი სულისკვეთება, გმირობა და სიმამაცე, გადმოცემულია ბრძოლის სცენები. მაგ: ასეთია უძველესი ბერძნული ცეკვები, რომელშიც ფარიკაობის ლემენტებიც ცეკვის ხელოვნებასთან არის შერწყმული: ქართული "ხორუმი", "ფარიკაობა", "ზემყრელო" და სხვა. ხალხურ საცეკვაო შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს სიყვარულის თემას. თავდაპირველად იყო ეროტიკული ხასიათის ცეკვები, მოგვიანებით კი სატრფიალო ცეკვებში გამოიხატებოდა კეთილშობილური გრძნობები, კერძოდ, ქალისადმი მოკრძალებული დამოკიდებულება (მაგ: ქართული ცეკვა "ქართული", პოლონური "მაზურკა", რუსული "კადრილი" და სხვა). დროთა განმავლობაში სხვადასხვა ხალხის წიაღში ჩამოყალიბდა საცეკვაო ტრადიცია, მოძრაობათა კოორდინაცია და მუსიკასთან მათი შერწყმის თავისებური ხერხები.

    ზოგი ცეკვა სრულდება მუსიკალური საკრავის აკომპანიმენტით, რომელიც სშირად თვით მოცეკვავეს უჭირავს ხელში (მაგ: გარმონი, დოლი, დაირა და სხვა).

   ხალხური არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება მოიცავს შრომის იარაღებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ავეჯს, ჭურჭელს, ტანსაცმელს, ქსოვილებს და სხვა. ხალხურ შემოქმედებაში უნმიშვნელოვანესი მხატვრულ-ტექნიკური პროცესებია: მეთუნეობა, ქსოვა, მხატვრული კვეთა, მხატვრული ჩამოსხმა, ჭედვა და სხვა.

    ხალხური შემოქმედება უშუალო კავშირია ცხოვრებასთან, ამდენად, ძირითადად გამოყენებითი ხასიათისაა. ყოფითი გარემოს გაფორმება-შექმნაში აისახა ამა თუ იმ ხალხის მსოფლშეგრძნება და ძირითადი ესთეტიკური პრინციპები. ხალხურმა ხელოვნებამ შეძლო დღემდე შემოენახა ერის უძველესი მითოლოგიური შეხედულებები, ხშირად კი დეკორატიული სახეცვლილებებით. საერთოდ, დეკორატიულობა ხალხური ხელოვნების უმთავრესი ნიშანია, ამდენად, ბუნებრივია, რომ მასში ჭარბობს ორნამენტი და ორნამენტულობა. ხალხურ შემოქმედებისათვის დამახასიათებელია უშუალობა, ფორმისა და დანიშულების მაქსიმალური ერთიანობა, მასალის მხატვრულ-გამოყენებითი შესაძლებლობების სრული გახსნა. ყოველი ერის ხალხური ხელოვნება თავისებურ ხასიათს ატარებს და მისი სულიერი და ფიზიკური ყოფისათვის აუცილებელ დარგებს ავითარებს.

   ქართული ხალხური არქიტექტურა ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი დარგია. არსებობს მისი სამი ძირითადი ტიპი: ქართული და მესხური დარბაზი, სვანური საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია მაჩუბი და კოლხური ოდა. გვხვდება აგრეთვე ციხე-სახლები (თავდაცვითი და საცხოვრებელი, ან ორივე ფუნქციის ერთდროულად მატარებელი), რომლებიც ძირითადად მთამ შემოგვინახა (სვანეთი, მთიანი რაჭა, ხევსურეთი, მთიულეთი და სხვა). ქართული ხალხური არქიტექტურის საყურადღებო ნიმუშებია უშგული (სვანეთი), შატილი და მუცო (ხევსურეთი).

    ქვის, ხისა და ლითონის დამუშავებას საქართველიში უძველესი ტრადიცია აქვს. ჭარბობს ორნამენტი და ორნამენტულობა. შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა რელიეფური და ორნამენტული სამკაულის მაღალი მხატვრული დონით გამოირჩევა. უძველესი დროიდან გვხვდება საფლავის ქვები შემკული მიცვალებულთა საქმიანობის ამსახველი მრავალმხრივი რელიეფით. ხალხური შემოქმედების საყურადღებო ნიმუშია დედაბოძი, უძველესი ნიმუში ხის მხატვრული დამუშავებისა. საინტერსოა აგრეთვე ჩვენამდე მოღწეული მერხები, საკარცხულები, სკივრები და სხვა, რომელთა გეომეტრიული ორნამენტები დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ლითონის მხატვრული დამუშავების შესანიშნავი ნიმუშია .. "კოლხური ცული", აგრეთვე ბრინჯაოს ბალთები, სარტყლები, პატარა ქანდაკებები. მასში უკვე ვლინდება ის ტრადიციები, რომლებსაც ეფუძვნება ქართული ქრისტიანული პლასტიკური ხელოვნება. შუა საუკუნეებში ლითონის მხატვრული დამუშავების მხრივ აღსანიშნავია ჭედური ხელოვნების ნიმუშები (მაგ: სვანეთის ჭედური ხელოვნების ადგილობრივი სკოლა). ლითონის, ქვისა და ხის მხატვრული დამუშავების ეროვნულმა ტრადიციებმა დიდად განაპირობა შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ხასიათი.

   ქსოვის მხატვრული დამუშავების მხრივ აღსანიშნავია ქართული ფარდები, თექები, ხალიჩები, რომელთა ხაოიანი ფაქტურა და თავშეკავებული კოლორიტი შეხამებული ქვისა და ის ბუნებრივ, შეულამაზებელ ფაქტურასთან განაპირობებდა ქართველი კაცის საცხოვრებლის ხასიათს. საყურადღებო მაგალითია "ლურჯი სუფრა".

   ხალხურმა შემოქმედებამ მრავლად შემოგვინახა ქართული ჩაცმულობისა და ნაქარგების უნიკალური ნიმუშები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალით დასტურდა, ქართული კერამიკული ნაწარმი უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ძირითადად გამოიყოფა წითელი თიხის კულტურა, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა სამეურნეო დანიშნულებით. უძველეს დროში გვხვდება "შავკრიალა" (შებოლილი) კერამიკაც. უფრო ნაკლებად იხმარებოდა ჭიქურიც. აღსანიშნავია, რომ თიხის დამუშავების ტრადიცია დღემდე ცოცხლობს.

Hosted by uCoz